13 ივლ 2026
ბათუმში 17 854 აბონენტს დღეიდან 17 ივლისამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. მიზეზი ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროა მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი მილის გადატანა,რამაც გამოიწვია გაზმომარაგების შეფერხება.
ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს. გაზის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის პერიოდში დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზქურების ონკანები და ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა დანადგარები.
ბუნებრივი აირის მიწოდება ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღდგება.
რაც შეეხება ხიდის რეაბილიტაციას, პროექტი არსებული ავარიული ხიდის დემონტაჟსა და ახალი ხიდის მშენებლობას, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.