22 ივლ 2026
აქცია იყო ბათუმში 26 მაისისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ამ მისამართზე ჩაუბარებელი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კორპუსში წყლის შესაყვანად საკუთარი ფინანსებით მიმართეს „ბათუმის წყალს“, თუმცა მშენებელმა კომპანიამ მრიცხველები არ დაამონტაჟებინა.
საცხოვრებელში 50-მდე ოჯახი უკვე ცხოვრობს, თუმცა დაუსრულებელი მშენებლობის გამო, კორპუსში შეყვანილი არ არის ასევე გაზი და დენი.
მშენებელი კომპანია „პატრიოტის„ წარმომადგენლებმა სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ სამართლებრივად ყველაფერი წესრიგში აქვთ და მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ.
შპს „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ მათ მიერ უკვე განხორციელებულია მოთხოვნილი დაერთებები და მოწყობილია ერთი ცენტრალური მრიცხველი. თუმცა სამუშაოებს მშენებელი კომპანიის მიზეზით ვერ აგრძელებს. ბათუმის წყლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ჭკვიანი წყალმზომების დამონტაჟებას სემეკის რეგულაცია განსაზღვრავს. თუმცა, ჭკვიანი მრიცხველების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერები რამდენჯერმე უშედეგოდ დასრულდა.
შპს „ბათუმის წყალი“ იღებს ვალდებულებას, მიმდინარე ეტაპზე აბონენტებს დაუმონტაჟოს მექანიკური წყალმზომები, ხოლო კვიანი მრიცხველების ხელმისაწვდომობისთანავე კომპანია საკუთარი ხარჯებით ჩაანაცვლოს.
მათივე განმარტებით აღნიშნული ცვლილება მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხსა და პირობებზე გავლენას არ მოახდენს. განსხვავება მხოლოდ აღრიცხვის ტექნიკურ მეთოდშია.