სინგაპურის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში - მარიამ ქვრივიშვილი

23 ივლ 2026

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა და გვქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან, გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჩვენს ორ ქვეყანას დააახლოებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან – პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ცხადია, აქცენტი გაკეთდა, რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის კერძო და საინვესტიციო სექტორთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალზე.

„კერძო სექტორის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, რამდენად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობთ, ვიზიტის ფარგლებში კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.