II გლობალური სიმპოზიუმი ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე

23 ივლ 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი II გლობალურ სიმპოზიუმს  მასპინძლობს. სიმპოზიუმი ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებს ეძღვნება და მასში 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ორგანიზატორების თქმით, ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს, ექიმებს, ფარმაცევტებს, ბიოტექნოლოგებსა და გარემოს მეცნიერების სპეციალისტებს.

სიმპოზიუმის მიზანია თანამედროვე კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინტერდისციპლინური მიდგომების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.

ღონისძიება ორდღიანია, სპეციალისტები სამედიცინო ქიმიისა და ბიოქიმიის თანამედროვე მიმართულებებს განიხილავენ. მათ შორის, საუბარი იქნება ბიოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი თერაპიული მიდგომების კვლევაზე, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირზე, ასევე ბუნებრივი რესურსების, მინერალური წყლებისა და ბალნეოლოგიური ფაქტორების როლზე ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციაში.