კირნათის მოსახლეობა მთის დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

23 ივლ 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათისთვის მთის დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს სოფლის მოსახლეობა,სწორედ ეს მოთხოვნა იყი მთავარი თემა შეხვედრაზე,რომელიც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენლებსა და  ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის შედგა.

ადგილობრივები აღნიშნულ სტატუსს 2017 წლიდან ითხოვენ და მიაჩნიათ, რომ სოფელი სრულად აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.კირნათის ადმინისტრაციული ერთეული 6 სოფელს აერთიანებს და ჯამში დაახლოებით 500 ოჯახი ცხოვრობს.მოქალაქეები ამბობენ,რომ გაჭირვების გამო სოფლები ხალხისგან იცლება და მთის სტატუსით განსაზღვრული შეღავათები მიგრაციას შეაკავებს.

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ინიციატივით  პეტიცია მომზადდა ,რომელიც შეხვედრისას ადგილობრივებს გადასცეს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური კოლექტიური მიმართვა წარედგინება.

პარტიაში აცხადებენ,რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია საკითხი განსახილველად წარუდგინოს მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს, რომელიც შეისწავლის სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ და გეოგრაფიულ მდგომარეობას და შესაბამის რეკომენდაციას საქართველოს მთავრობას წარუდგენს.