24 ივლ 2026
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და ამომრჩევლის როლის შესახებ ისაუბრა.
ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში თავად გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები.
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.