24 ივლ 2026
დღეს მალთაყვაში, „ოქროს ტბაზე“ დაიწყო 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში, რომელშიც 21 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ასპარეზობა წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართება. ტურნირი მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპით გაიხსნა.
დღის განმავლობაში შეჯიბრებები ქალთა სლალომის სერიით გაგრძელდება, რის შემდეგაც გაიმართება მამაკაცთა ტრამპლინიდან ხტომის საკვალიფიკაციო ეტაპები, ხოლო დღის პროგრამას ქალთა ფიგურების საკვალიფიკაციო გამოსვლები დაასრულებს.
პირველ დღეს, საკვალიფიკაციო ეტაპებზე, 56 სპორტსმენი იასპარეზებს. აქვე გეტყვით, რომ მალთაყვამ უკვე უმასპინძლა კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირის „პრო ფოთის“, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მამაკაცთა შორის სლალომში ბრიტანელმა ფრედი ვინტერმა გაიმარჯვა, ფიგურებში ტურნირი უკრაინელმა დანილო ფილჩენკომ მოიგო. ტრამპლინიდან ხტომაში კი უძლიერესი ავსტრიელი ლუკა რაუხენვალდი გახდა. ქალთა შორის სლალომში გამარჯვებული ახალი ზელანდიის წარმომადგენელი სეიდ ფერგიუსონი გახდა.
ფიგურებში ჩემპიონის ტიტული უკრაინელმა მარია პოპოვამ მოიგო, ტრამპლიდან ხტომაში კი ჩეხმა ლინდა პოლიდოროვამ გაიმარჯვა. ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატს „ოქროს ტბა“ 35 წლიანი პაუზის შემდეგ მეორედ მასპინძლობს.
ტურნირი 26 ივლისს დასრულდება.