საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

24 ივლ 2026

ესპანეთმა ტყის ხანძრების გამო  პირველად გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო  საფრანგეთმა დახმარება ითხოვა ევროკავშირისგან ატლანტის ოკეანის სანაპიროზე გაჩენილ ხანძრებთან საბრძოლველად. ანომალურმა  სიცხეებმა ევროპის ქვეყნებში ხანძრები  და ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. საფრანგეთის ხელისუფლებამ კაპ ფერეს ნახევარკუნძულის სრული ევაკუაცია ბრძანა მასშტაბური ხანძრის გამო.

ოფიციალური მონაცემებით, ტერიტორიიდან დაახლოებით 40 ათასი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ესპანეთში, დედაქალაქ მადრიდის დასავლეთით  მდებარე ქალაქებიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რადგან რეგიონში და მეზობელ ავილას პროვინციაში გაჩენილმა ხანძრის სამმა კერამ აიძულა მთავრობა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.

ბოლოს ესპანეთმა საგანგებო სიტუაციის მსგავსი დონე გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის დროს გამოაცხადა.

ევროკავშირის  ტყის ხანძრების საინფორმაციო სამსახურის მონაცემებით, ესპანეთში წელს 350-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. 2025 წელს რეკორდული ფართობი განადგურდა.