26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა - გარემოს ეროვნული სააგენტო

25 ივლ 2026

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა.

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგემტო ავრცელებს.

„26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.