26 ივლ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. გოდერძის უღელტეხილზე ცნობილი კომპოზიციის - მიმანიშნებელი აბრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამავე ტერიტორიაზე 41 მეტრიანი კონსტრუქციით აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.
მთავრობის თავმჯდომარე ალპურ ბოტანიკურ ბაღსაც ესტუმრა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ალპინარიუმი რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული სივრცეა და ტერიტორიაზე არაერთი ახალი ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
რეგიონის პირველი პირი ბეშუმში „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებსაც გაეცნო. მთავრობის ინფორმაციით, თავმჯდომარე დამსვენებლებს შეხვდა, მოისმინა მათი საჭიროებები და კურორტზე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად შესაბამისი უწყებების კოორდინირებულად მუშაობას დაპირდა.