ესპანეთსა და საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრებს კვლავ ვერ აქრობენ

26 ივლ 2026

ესპანეთსა და საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრებს კვლავ ვერ აქრობენ.  ვალენსიასთან ახლოს ერთი ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ქალაქ მანისესთან, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

მადრიდის დასავლეთით ხანძრის ჩასაქრობად 400-ზე მეტი მაშველი, 50 სახმელეთო და 12 საჰაერო საშუალებაა მობილიზებული. ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მადრიდში ჰაერის დაბინძურების შესახებ გაფრთხილება გამოსცა. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეიკავონ ღია ცის ქვეშ ყოფნისგან, კვამლის დროს  გამოიყენონ ნიღბები და დამცავი სათვალეები.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, წელს ტყის ხანძრებმა უკვე რეკორდული, 98 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. საფრანგეთში საცხოვრებელი სახლების დატოვება დაახლოებით 197 000 ადამიანს მოუწია, ხოლო ესპანეთში – 73 000-ს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საფრანგეთში უკვე გაიგზავნა ხუთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, ხოლო ესპანეთში დამატებით ოთხ თვითმფრინავს გაგზავნიან.