ეკონომიკის სამინისტრო – საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

27 ივლ 2026

საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საუბრობს, ივანე აბაშიძის თქმით საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22 პროცენტით გაიზარდა და 9.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში, წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებულ ტვირთებს შორის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა.

ესენია, ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები, ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები, აგრეთვე თხევადი ტვირთების რამდენიმე სახეობა.

ივანე აბაშიძის განცხადებით  2026 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანიის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10 პროცენტით გაიზარდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, დადებითი ტენდენციაა ყველა ცალკეულ გადაზიდვების რეჟიმშიც - იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.