27 ივლ 2026
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე რუსი სამხედროს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა.
“სრული სიცრუეა და დეზინფორმაცია ის, რომ თითქოს კონკრეტული პიროვნება, ვისზეც საუბრობენ, ქვეყანაში დღემდე ცხოვრობს და თავისუფლად გადაადგილდება. აღნიშნულ პიროვნებას, ვისზეც საუბრობენ, საერთოდ არ აქვს საზღვრის კვეთა, საქართველოში საერთოდ ნამყოფიც არ არის და სულ სხვა პიროვნების მონაცემები ვრცელდება. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით შეცვალა მიდგომები და ხდება ისეთი პირების დაშვება ქვეყანაში, ვისაც კონკრეტული კანონდარღვევები აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება, მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, კონკრეტული ვიზიტორების "გაშავება", რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის ოფიციალურ წყაროებთან," - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
სოციალურ ქსელებსა და რამდენიმე მედიაში დაიწერა, რომ რუსი მეომარი და სამხედრო, ივან დებალცინი საქართველოში ცხოვრობს.
ოფიციალური მონაცემების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნულ პირს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. გავრცელებულ ფოტომასალაზე კი ასახულია სხვა რუსი სამხედრო, რომელსაც ასევე არ აქვს საქართველოს საზღვრის კვეთა დაფიქსირებული.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებული ცნობები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.