27 ივლ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.
„წელს კი ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიყვანეთ, რითაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახა. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ამ მზარდ ინტერესს ახლავს გააქტიურებული საჰაერო მიმოსვლა. დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთდაკავშირება, ქვეყნები ერთმანეთთან დააახლოვა და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
„ეს ხელშესახები შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია. დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელჩ ჭოუ ციენს. თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში. გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი განვითარების წლები იყო.
„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, – განაცხადა ელჩმა.