28 ივლ 2026
წარმატებით იასპარეზეს საქართველოს კარატეს ნაკრების წევრებმა რუმინეთში გამართულ მე-14 მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მსოფლიოს გაერთიანებული კარატეს ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. ტურნირი ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
18-20 წლის ასაკის სპორტსმენთა შორის, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბათუმელმა ლუკა შანთაძემ გაიმარჯვა, რომელმაც ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკამ -84 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც იბრძოლა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ლუკა შანთაძე, მერაბ ლომაძე და გიგი ქედელიძე, წარმატებით იასპარეზა გუნდურ კუმიტეშიც და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებისთვის იბრძოდნენ თაია ფუტკარაძე, სანდრო იაკობაძე და ესმა რასულოვა, რომლებმაც რამდენიმე წრე წარმატებით გაიარეს, თუმცა ამჯერად საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ. პლანეტის პირველობაში 47 ქვეყნის ორი ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.