29 ივლ 2026
მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ქართული მუსიკის შერწყმით გონიო-აფსაროსის ციხემ ახალი საერთაშორისო კულტურული პროექტის პირველ საღამოს უმასპინძლა. ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალში გრანდიოზული ქართული გალა „გონიოს ჰანგები“ გაიმართა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ფესტივალს, რომლის მიზანიც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოპულარიზაცია და კულტურული დიალოგის გაღრმავებაა.
ისტორიული ციხის კედლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ, ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა“ და ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები შეასრულეს.
მუსიკამ და ისტორიულმა გარემომ განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა, რომელსაც ასობით მაყურებელი ესწრებოდა. ფესტივალის ინფრასტრუქტურული და დეკორატიული ნაწილის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ბეტა ივენთმა უზრუნველყო.
„გონიოს ჰანგები“ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი მომავალში საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს და გონიო-აფსაროსის ისტორიულ სივრცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებსა და მუსიკოსებს უმასპინძლებს.