მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

29 ივლ 2026

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პრემიერის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მინისტრი კახაბერ გულედანი დაიკავებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.