31 ივლ 2026
ბავშვთა საკალათბურთო აკადემია „ბასკო-2019“-ის ინიციატივით ბათუმში სამდღიანი საკალათბურთო კემპი დაიწყო, რომელსაც იტალიიდან მოწვეული სპორტული მენეჯერი და სკაუტი ვენეციო დალესიო ესწრება. მასთან ერთად კემპში მონაწილეობს იტალიის სერია A-ს კალათბურთელი და სკაუტი გიგა ჯანელიძე.
კემპის მთავარი მიზანი ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა და მათი საზღვარგარეთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკის და გამოცდილების მისაღებად გაგზავნაა.
„ბასკო-2019“ ამ პროექტს უკვე ორი წელია ახორციელებს. მათი ინიციატივით სამი ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი იტალიაში გაემგზავრა, ორი ესპანეთში და ერთიც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამათგან რამდენიმე უკვე ასაკობრივ გუნდებთან კონტრაქტიც გააფორმა.
კემპის ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი აქტივობები პირველ რიგში ქართველი კალათბურთელების განვითარებას და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.