01 აგვ 2026
„სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ და ისრაელი დღეს და ხვალ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას განიხილავენ.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ოპერაციის დასრულება ორშაბათამდე, ანუ ფინანსური ბაზრების გახსნამდე იგეგმება, რადგანაც არსებობს საფრთხე, რომ დარტყმებმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს, როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე. ოპერაციის საბოლოო ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.
„სიბიეს ნიუსის“ რამდენიმე წყაროს ცნობით, ისრაელი ამ გეგმების შესახებ ინფორმირებულია და აშშ-თან კოორდინირებულად მოქმედებს. ამავე დროს, წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო ბრძანება დარტყმების დაწყების შესახებ ჯერ არ გაუცია.
მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციის გეგმა 31 ივლისს კემპ-დევიდში პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტის სხდომაზე განიხილეს.
„სიბიეს ნიუსის“ ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, თეთრი სახლის ზოგიერთი პოლიტიკური მრჩეველი ამ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის სავარაუდო სამიზნეები იქნება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის ელექტროსადგურები და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები.