პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

02 აგვ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ბლაგვი საგნის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.