ამგვარი სახალხო დღესასწაულები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, თუ რანი ვართ, საიდან მოვდივართ - მიხეილ ყაველაშვილი

02 აგვ 2026

ბედნიერებაა, რომ დაახლოებით ოთხი თაობის ადამიანები არიან შეკრებილი აქ და მთლიანად ოჯახებია წარმოდგენილი - ჩვენი უხუცესები, ხანდაზმულები, ახალგაზრდები და მოზარდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბეშუმში, “შუამთობის” აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სწორედ, ამგვარი სახალხო დღესასწაულები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, თუ რანი ვართ, საიდან მოვდივართ. 

“შუამთობა, მართლაც, გამორჩეული, უნიკალური, სახალხო დღესასწაულია. 

მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად აღვნიშნო ეს დღესასწაული.

ბედნიერებაა, რომ დაახლოებით ოთხი თაობის ადამიანები არიან შეკრებილი აქ და მთლიანად ოჯახებია წარმოდგენილი - ჩვენი უხუცესები, ხანდაზმულები, ახალგაზრდები და მოზარდები. 

უდიდესი ბედნიერებაა, რომ საქართველოში ასეთი გამორჩეული და განსაკუთრებული სახალხი დღესასწაული არსებობს.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს უხუცესებს, ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ეს მართლაც გამორჩეული და უნიკალური დღესასწაული.

რას ნიშნავს სახალხო დღესასწაული, რატომ არის ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი? იმიტომ, რომ აქ ჩანს ქართველი ადამიანის ბუნება, მისი ხასიათი, მისი კულტურა, მისი ფოლკლორი.

ვნახეთ ჩვენი “ბერმუხა”, უხუცესების ანსამბლი, როგორ მოძრაობენ, როგორ აღვივებენ სიცოცხლისა და სიძლიერის მაგალითს და როგორ გადასცემენ ამას მომავალ თაობას. სწორედ, ეს არის პატარა, მაგრამ დიდი ერის გამოძახილი.

და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს დღესასწაული არ განვავითაროთ.

დღითიდღე ვითარდება ჩვენი ქვეყანა. უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა ჩვენს ქვეყანას, უფრო მასშტაბური გახდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ხალხს უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეს.

სწორედ, ამგვარი სახალხო დღესასწაულები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, თუ რანი ვართ, საიდან მოვდივართ.

კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასე გულმხურვალედ აღნიშნავთ, ამ მართლაც გამორჩეულ და უნიკალურ დღესასწაულს - “შუამთობას”.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, იყავით ბედნიერები და გააგრძელეთ ასე წარმატებით თქვენი მხარის, თქვენი მიწის, თქვენი სამშობლოს სიყვარული”, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბეშუმში შეკრებილ საზოგადოებას.