განათლების რეფორმის სიახლეები და ჯანდაცვის საკითხები მთავრობის სხდომაზე

05 აგვ 2026

მთავრობის სხდომაზე განიხილეს განათლების რეფორმის სიახლეები და ჯანდაცვის საკითხებიც. აღინიშნა, რომ წარმატებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაც და წამლის შეძენა სასურველ შედეგებზე მიუთითებს.  ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ახლო მომავალში დასრულდება მოლაპარაკება მეორე მედიკამენტის შეძენაზე.

რაც შეეხება განათლების რეფორმას - სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სასკოლო რეფორმაზე. გივი მიქანაძე ამბობს, რომ 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების რეალიზაცია - იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი. მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში არიან ბანკებთან, რომელთაც გარკვეული შემოთავაზებები ექნებათ საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით.

მინისტრმა უპასუხა მშობლების ნაწილის პრეტენზიებსაც ფორმებთან დაკავშირებით და მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა. რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა კომპონენტებსაც შეიცავს.

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ - ასევე დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება იზღუდება.