დედას, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი შვილი მოკლა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

06 აგვ 2026

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც, ახალშობილის მოკვლის განზრახვით, მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა.

ახალშობილს, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალმა გადაუდებელი და კომპლექსური სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო, იგი 27 მარტს, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.