ტრამპი ირანთან ომის მალე დასრულებას ვარაუდობს

07 აგვ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის მალე დასრულება ივარაუდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და თქვა, რომ შეიარაღებულ ძალებს პრობლემები აქვთ ზოგიერთი ტიპის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რომ ეს მალე დასრულდება. არა მგონია, რომ მათ დიდხანს გაგრძელება შეეძლოთ“, - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირანის ომზე საუბრისას.

სააგენტო „როიტერმა“გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის დროს მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გლობალური მარაგის დიდი ნაწილი ამოწურა. 

რაც შეეხება საბრძოლო მასალის მარაგების მდგომარეობას, ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანას გარკვეული ტიპის იარაღის თითქმის შეუზღუდავი მარაგი აქვს, თუმცა აღიარა, რომ სხვა იარაღის მარაგი შეზღუდული იყო. ტრამპის თქმით, აშშ-ის თავდაცვის კომპანიები მეტ საწარმოო სიმძლავრეებს აშენებენ, მათ შორის ობიექტებს „პეტრიოტისა“ და „ტომაჰავკის“ რაკეტებისთვის.