08 აგვ 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა. პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირის, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეროვნული ერთობა, გავაძლიეროთ სახელმწიფო და მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული პოლიტიკით განვაგრძოთ ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის და სამაჩაბლოს დეოკუპაციისთვის.
გვჯერა, რომ დევნილთა ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში და ქვეყნის გამთლიანება არის მიზანი, რომელსაც თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 234 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 26 000 კი დევნილად იქცა.
რუსული აგრესიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 8 აგვისტოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.