08 აგვ 2026
ომის დასრულების შემდეგ საქართველომ სამართლებრივი ბრძოლა საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებში განაგრძო. ქვეყნის მიზანი იყო, საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე დადგენილიყო რუსეთის პასუხისმგებლობა როგორც ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. წლების განმავლობაში საქმეები ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო ინსტანციაში განიხილებოდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ და სხვა საერთაშორისო მექანიზმებმა შეისწავლეს სახელმწიფოთაშორისი დავა. ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილება 2021 წელს სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, როდესაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოდან რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე და პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაზე.
ორი წლის შემდეგ კი სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 129 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 2008 წლის ომის საქმეებზე გამოძიება აწარმოა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომაც, რომელმაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების ორდერები გასცა.