2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს აჭარაშიც

08 აგვ 2026

18 წელი გავიდა, თუმცა მარო ზოიძისთვის დრო იმ დღეს გაჩერდა. მისი შვილი, რომან ზოიძე, 2008 წლის აგვისტოს ომში სოფელ შინდისთან დაიღუპა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ რომანი კონტრაქტით სენაკის მეორე ბრიგადაში მსახურობდა. დღეს მას შინდისის გმირად იცნობენ.

რომან ზოიძე წარმოშობით შუახევიდან იყო. მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომს კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი იაგო მიქელაძეა. სოფელ ბუთურაულში მცხოვრები იაგო მიქელაძე 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის შემოგარენში, კასეტური ბომბების აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოჯახისთვის 18 წლის წინანდელი ტრაგედიის გახსენება დღესაც მძიმეა.

შუახევის მკვიდრი იყო ამირან მამალაძეც-ქვეითი ბრიგადის კაპრალი. ახალგაზრდა მებრძოლი, რომელიც აჭარის რეგიონიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა შორის ერთადერთი სტუდენტი იყო. საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა. იქვე დაიღუპა. 

2008 წლის აგვისტოს ომს გმირი ჰყავს ქედის მუნიციპალიტეტიდანაც. უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე 28 წლის იყო. სოფელ ყელქცეულში, სამშვიდობოს გამოსული მეგობრის დასახმარებლად შებრუნდა, რა დროსაც რუსული ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ფრიდონ თურმანიძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული.

ხულოდან აგვისტოს ომს ორი მებრძოლი — მერაბ ჭელიძე და ნადიმ ართმელაძე — შეეწირა. მერაბ ჭელიძე სამხედრო ნაწილის ექიმი იყო. 9 აგვისტოს, თანამებრძოლებისთვის ჭრილობების შეხვევის დროს, აფეთქება მოხდა. მიღებული ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა. ნადიმ ართმელაძე კი საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი იყო. ის 2008 წლის 8 აგვისტოს კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. სულ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აჭარამ 21 მებრძოლი დაკარგა. მათ შორის 11 სამხედრო იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. დღეს მათი სახელები და ისტორიები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.