სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, სანქციები დაუწესეს უმაღლეს პირებს, მას შემდეგ კი, რაც მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა, ქვეყნის ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ - პრემიერი

12 აგვ 2026

საქართველოს ხელისუფლების სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ აგენტურის მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის გამო სხვადასხვა ქვეყნებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „დიფ სთეითის“ მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ – ბაიდენის ხელისუფლებამ, აამოქმედეს ზეწოლის ყველა მექანიზმი.

„სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს „დიფ სთეითის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს.

მისივე თქმით, საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში.