16 აგვ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.
"დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.