თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს - პრემიერი

18 აგვ 2026

თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს, ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება.

„2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ და შეფასებამ საზოგადოებაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია. განსაკუთრებით საყურადღებო იყო მცდელობები, 2008 წლის მოვლენების შეფასებასთან ერთად, ერეკლე მეორის ისტორიული გადაწყვეტილებებიც დღევანდელი პოლიტიკური და იდეოლოგიური პოზიციებიდან განხილულიყო. სწორედ ამ განცხადებებისა და მათ ირგვლივ განვითარებული დისკუსიის ფონზე მიმაჩნია აუცილებლად, ისტორიული და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინტერესებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბედს განსაზღვრავდა და განსაზღვრავს.

დავიწყოთ იმით, რომ როგორც დასაბამიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ, ისე დღესაც, თითოეული სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთი სახელმწიფო მეორის საკეთილდღეოდ იღვწის და საკუთარ ინტერესებს მის სასარგებლოდ თმობს. სწორედ ასეთია რეალობა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას უდევს საფუძვლად. სახელმწიფოები ცდილობენ ერთმანეთთან ურთიერთობები საკუთარი ინტერესების გასატარებლად და გასაძლიერებლად გამოიყენონ. ზოგჯერ ეს თანამშრომლობის ფორმით ხდება, ზოგჯერ კი იძულებით - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის გავლენის მეშვეობით.

ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, ფორმულა გამონაკლისების გარეშე, რომელიც სახელმწიფოთა არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გვინდა ეს თუ არა, ამ რეალობას უნდა შევეგუოთ და საერთაშორისო პოლიტიკას ილუზიების გარეშე შევხედოთ, რადგან სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა პრემიერმა.