აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

19 აგვ 2026

აშშ-მა სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტსა და ამავე სასამართლოს წამყვან პროკურორს, — განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ჰააგის  სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მორიგი ესკალაციაა.

რუბიო  სასამართლოს ოფიციალურ პირებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ მცდელობებში, გამოეძიებინათ, დაეპატიმრებინათ, დაეკავებინათ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებსაც სასამართლოს იურისდიქციაზე თანხმობა არ განუცხადებიათ.

სასამართლო საერთაშორისო საზოგადოებამ 2002 წელს დააფუძნა ომის დანაშაულების, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. აშშ სასამართლოს წევრი არ არის. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ეს ნაბიჯი დაგმო და განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები კანონის უზენაესობას უთხრის ძირს.