კანადის პრემიერ-მინისტრი ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

19 აგვ 2026

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „არსებითი პროგრესი მიღწეულია, თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაო კვლავაც რჩება შესასრულებელი“. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადურ საქონელზე დაგეგმილი ახალი, 50%-იანი ტარიფების ამოქმედება  სამი დღით შეაჩერა.

ტრამპსა და კარნის შორის გუშინ სატელეფონო საუბარი გაიმართა —  თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადისგან მიიღო პირობა იმ შეშფოთებების მოგვარების თაობაზე, რომლებიც რძის ნაწარმზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებულ გადასახადებს უკავშირდება.