21 აგვ 2026
„პრევენციიდან შედეგამდე - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები აჭარაში“ - ამ თემაზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2026 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტს - საქართველოში ქალის რძის პირველი ბანკის გახსნას, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
უწყების ინფორმაციით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით წლის განმავლობაში 10 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. ხოლო, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისთვის 12 სხვადასხვა სახის სერვისია ხელმისაწვდომი.
შეხვედრაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი,უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პროგრამებით მოსარგებლე პირები მონაწილეობდნენ.