„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას განაგრძობს. პარტიამ მე-9 რეგიონული ოფისი დღეს ქალაქ რუსთავში გახსნა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართულ ღონისძიებას ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
პარტიის რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი - იაგო მაჩაბელი.
პარტიის ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში კიდევ ერთხელ ისაუბრეს ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე. მათი განცხადებით ნეიტრალიტეტი არის ის საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა დიდი ძალების დაპირისპირების პოლიგონის ნაცვლად გადავაქციოთ თანამშრომლობის პლატფორმად, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნეოვანია ქვემო ქართლის რეგიონის წვლილი და ასევე არის უდიდესი პოტენციალი. რუსთავი ტრადიციულად იყო ინდუსტრიული ქალაქი, ამასთან ქვემო ქართლი სასაზღვრო რეგიონია რის გამოც, ის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ლოგისტიკური კვანძია.
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით ისინი მიესალმებიან რუსთავის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აცხადებენ, რომ მომავალში მზად არიან საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ რეგორც რეგიონში ასევე მთლიანად ქვეყნაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნაში, რაც უნდა გახდეს ურყევი მშვიდობის და სწრაფი განვითარების საფუძველი.