23 აგვ 2026
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ ომის ძლიერი პოზიციიდან დასრულებაში ქვეყანას კორუფცია უშლის ხელს.
როგორც ფედეროვი აცხადებს, საუბარია არა კონკრეტულად რომელიმე მაღალჩინოსანზე, არამედ ასობით ადამიანზე, რომლებიც წლების განმავლობაში მიეჩვივნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფულის შოვნას. მათი ვინაობის დასახელებისგან ფედოროვმა თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მოვა დრო და მათ სახელებს ყველა გაიგებს.
„უამრავი ადამიანია, რომელთაც სხვადასხვა სქემა შექმნეს და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან, რის გამოც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ. ეს თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას საკუთარ თავზეც გამოვცადე. ამას ვებრძოდი. იქ ეს სქემები დავანგრიე და მათ მოქმედებას ვაჩერებდი. ბევრი სამართალდამცველი ამას მხარს უჭერს. ბევრი ადამიანი კი ასეთ სქემებს ქმნის. ეს საკითხი ერთ კონკრეტულ პროექტს ან ხელისუფლების რომელიმე ერთ შტოს არ ეხება.
მოდით, ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც ომის შესაჩერებლად ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მივცეთ მათ მუშაობის შესაძლებლობა და შემდეგ შევაფასოთ ისინი შემდგომი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. ეს პროცესი როცა არ არსებობს… ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი „ჩანაწერების“ გამოჩენა. ისინი ყოველ კვირას რომც გამოქვეყნდეს, უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელ საზოგადოებას ესმის – ყველა იპარავს, მაგრამ ეს ნორმალური არ არის“, – განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.