სინქრონული თარგმანის პირველი საერთაშორისო სეზონური სკოლა  

24 აგვ 2026

ბათუმში სინქრონული თარგმანის პირველი საერთაშორისო სეზონური სკოლა გაიხსნა. მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, თურქეთის რესპუბლიკის რეჯებ ტაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მთარგმნელები მონაწილეობენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით საზაფხულო სკოლის მონაწილეები თანმიმდევრული და სინქრონული თარგმანის პრაქტიკულ უნარებს შეიძენენ და აქტუალური სემინარებითა და ლექციებით დარგობრივ ცოდნას გაიღრმავებენ.

სეზონური სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება და  მისი მიზანი სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანის მიმართულებით პრაქტიკული უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დარგის საგანმანათლებლო-აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებაა.

სეზონური სკოლა ,რომელიც 28 აგვისტომდე გაგრძელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.