24 აგვ 2026
ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები 2026“-ის ფარგლებში მუსიკალური საღამო გაიმართა. კონცერტზე ქართველი და უცხოელი ვირტუოზი მუსიკოსები წარსდგნენ: მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა, ბანდონეონის შემსრულებელი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და სოპრანო მარიამ მაჩიტიძე. მათთან ერთად კონცერტში მონაწილეობდა ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.
პირველი ვიოლინოს პარტია ლელა მჭედლიძემ შეასრულა. მუსიკალური საღამოს პროგრამაში ასტორ პიაცოლას „მარია ბუენოს-აირესიდან“ იყო წარმოდგენილი.
მრავალფეროვანმა პროგრამამ სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის პროფესიონალი მუსიკოსები გააერთიანა. წლევანდელი „ღამის სერენადები“ ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფესტივალის წლევანდელი პროგრამა შვიდ გამორჩეულ კონცერტს აერთიანებს. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით ტარდება.