საქართველოს კონსტიტუციის დღე

24 აგვ 2026

ცოცხალია ის კონსტიტუცია, რომლის პრინციპებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს - ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს კონსტიტუციის დღეს  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე  პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. 

საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.