"სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

24 აგვ 2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის "კინოლოგიის სამმართველოს" სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, სარფში ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სამსახურებრივი ძაღლის მიერ გამოვლენილი საეჭვო რეაქციის საფუძველზე, მგზავრი შეაჩერეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამრღვევი მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი კუთვნილი სამგზავრო ზურგჩანთის დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2013 წლიდან კინოლოგიის ცენტრი ფუნქციონირებს.

საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და სპეციალურად გაწვრთნილი 36 ძაღლი ახორციელებს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.