არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, ეს რადიკალური ოპოზიციის დანამატია - თორნიკე ფაღავა

25 აგვ 2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა არასამთავრობო სექტორის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში დამოუკიდებელი NGO სექტორი არ არსებობს და ის „რადიკალური ოპოზიციის დანამატია“, რომელიც ოპოზიციის მსგავსად საგარეო ძალების მიერ იმართება.

დეპუტატის განცხადებით, ეს ჯგუფები არასდროს ყოფილან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებულნი და მხოლოდ საკუთარი დამკვეთების დავალებებს ასრულებენ.

„ძალიან საინტერესო მხილების კამპანია ეგრეთ წოდებული ენჯეო სექტორის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა ბატონმა ლევან მაჭავარიანმა თავის განცხადებაში. მეც ჩემის მხრივ მინდა აღვნიშნო ის, რომ სინამდვილეში არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი ენჯეო სექტორი არ არსებობს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დანამატი, რომელიც იმართება ისევე, როგორც რადიკალური ოპოზიცია იმართება მათი პატრონების მიერ. ისინი არასდროს არ ყოფილან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებულები, ისინი ყოველთვის იყვნენ ორიენტირებულები თავიანთი დამკვეთების ინტერესებზე. ჩვენ გვახსოვს არაერთი კამპანია, მიზანმიმართული და დამიზნებული კამპანია ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს, როგორ აშავებდნენ ისინი ჩვენს სახელმწიფოს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. საბოლოო ჯამში, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ხალხი, ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულები არიან იმით, რომ როგორმე ავნონ და როგორმე დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.