31 აგვ 2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაში რომელიც 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება საქართველოსა და 30 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 300-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს.
კონფერენცია 10 პარალელურ სექციას მოიცავს და შერეული ფორმატით მიმდინარეობს. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამი მინი-სიმპოზიუმი, რომელთა მუშაობაშიც ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული მკვლევრები მიიღებენ. კონფერენციის შრომათა კრებული საერთაშორისო ღია სამეცნიერო ბაზაში განთავსდება.
შერჩეული სამეცნიერო ნაშრომები კი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.
პარალელურად უნდა გაიმართოს სეზონური სკოლა „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“, რომლის მიზანი მონაწილეებისთვის ხელოვნური ინტელექტის მათემატიკური საფუძვლების გაცნობაა.
აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს მათემატიკოსთა კავშირსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.