მილიონ 120 ათასი ქართველისგან გვაქვს მანდატი, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში - შალვა პაპუაშვილი

31 აგვ 2026

მილიონ 120 ათასი ქართველისგან გვაქვს მანდატი, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ. ვინ როგორ გაუმკლავდება ამ წყენას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამაზე კომპრომისს არ ვაპირებთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მისი თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველას მიმართ, ვინც შეეცდება, რომ ხელები აფათუროს მოქალაქეების არჩევანში, იქნება ასეთი დამოკიდებულება.

„ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვასრულებთ ქართველი ხალხის ნებას და ბოლო არჩევნებით, ეს არის მილიონ 120 ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ჩვენ მოგვცა მანდატი, რომ ქვეყანა ვმართოთ ისე, როგორც ვმართავთ, წავიყვანოთ იმ მიზნებისკენ, საითაც მიგვყავს. ამისი მანდატი გვაქვს მილიონ 120 ათასი ქართველისგან. ეს მანდატი გულისხმობს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვა არის მიუღებელი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციას სწყინდა, რომ აქ არ აირჩეოდა ის ხალხი, რომელიც მისი ნების პირდაპირი შემსრულებლები იყვნენ. ასე სწყინს ევროპაშიც ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებას, რომ მათი მარიონეტები არ არიან საქართველოს ხელისუფლებაში. ამ წყენას ვინ როგორ გაუმკლავდება მეორე მხარეს, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ კომპრომისს არ ვაპირებთ, რომ იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაცამ უფრო კარგი თვალით შემოგვხედოს, ჩვენ აქ ქართველი ხალხის არჩევანის გარედან შეცვლის შესაძლებლობა მივცეთ. ამას უნდა შეეგუოს ყველა. ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველა, ვინც შეეცდება, რომ ხელები აფათუროს ჩვენი მოქალაქეების არჩევანში, ყველას მიმართ იქნება ასეთი დამოკიდებულება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.