ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია

01 სექ 2026

ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ პორტის მისადგომების დაღრმავების პროცესი სამუშაოების მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი ახორციელებს. ზღვის ფსკერის დაღრმავების პროცესი ერთი თვის წინ დაიწყო და ამჯერად  დაღრმავების პარალელურად ტალღმტეხის პირველი მონაკვეთი შენდება. საბოლოოდ  1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი აშენდება.

17.5 მეტრიანი სიღრმე შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის გემების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ხოლო  ტალღმტეხელი შექმნის დაცულ აკვატორიას და უზრუნველყოფს ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის ნავმისადგომების განვითარების შესაძლებლობას. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, ანაკლიის პორტი ისეთი მსხვილი ტვირთმზიდების მოზიდვას შეძლებს, რომელთაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები უზრუნველყოფენ ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. აღნიშნული მოდელი ქმნის კონკურენტულ გარემოს, ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას, ტვირთნაკადების მოზიდვას და პორტის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოებზე უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, ხოლო გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და ლიდარ დრონების გამოყენებით ხორციელდება. სამუშაოებში ჩართული მოწვეული სპეციალისტები ანაკლიის პორტის განსაკუთრებულობასა და ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე  მიუთითებენ.

საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას. ყველა საკომუნიკაციო საშუალების გათვალისწინებით, მომავალში ანაკლია  სატრანსპორტო ჰაბად მოიაზრება.