01 სექ 2026
აქცია გამართეს აღმაშენებლის ქუჩის 20 ნომერში მცხოვრებლებმა. ადგილობრივები მომიჯნავედ მშენებარე კორპუსის საძირკველის მოწყობისას ჩამოშლილ სავალ გზასა და უსაფრთხოების ზომების დარღვევას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამუშაოების გამო ბზარები უჩნდება მრავალბინიან კორპუსს და საფრთხე ექმნება მათ საცხოვრებელ სახლებს.
აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლების მტკიცებით, გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა, რის შემდეგაც მათ კორპუსზეც შესამჩნევია ბზარები. აქციის მონაწილეები მერიასა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აღმაშენებლის ქ. 20-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს საქმისწარმოება. უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კომპანიის მიმართ შედგა მითითება და მიეცა გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.