აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება

02 სექ 2026

აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება. შესაბამისი ცვლილებები – „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღსრულების პოლიციელებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებები შემოდის და შრომის ანაზღაურება წესრიგდება. კერძოდ, აღსრულების პოლიციელები შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ,  რომელთა ოდენობას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. პროექტით კონკრეტდება ისიც, რომ ისინი საკლასო დანამატს არ მიიღებენ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მისთვის ან მისი ოჯახისათვის ფულადი დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხებიც მოწესრიგდება. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცემა – 15 000 ლარის ოდენობით (10 000 ლარის ნაცვლად).