ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

03 სექ 2026

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ლიდერს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის აღების უნარი და გამბედაობა მაშინაც კი, როდესაც პასუხისმგებლობა პირადად მას არ ეკისრება და თუ ეს ქვეყნის დაცვის უფრო ფართო მიზანს ემსახურება.

მედიის ცნობით, გადადგომას წინ უძღოდა ეროვნული აუდიტის სამსახურის ანგარიში, რომელმაც თავდაცვის სექტორში ფინანსური მართვის პრობლემები გამოავლინა.  ესტონური მედია წერდა, რომ ესტონეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი საარტილერიო ჭურვების შესაძენად ინდურ კომპანიას ავანსის სახით ჯამში 70 მილიონი ევრო გადაუხადა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კომპანიას მანამდე საარტილერიო ჭურვები არ ჰქონდა წარმოებული. მედიის ცნობითვე, ჭურვების პირველი პარტია უკრაინაში 2024 წლის ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა კომპანიამ მიწოდების შეფერხება და სხვა პრობლემები მოიმიზეზა.