ქობულეთის საკრებულოს სხდომა

04 სექ 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუხაესტატე-წყავროკის და სოფელ გვარას გეგმარებითი ერთეულების განაშენიანების გეგმების დამტკიცების შესახებ მოქმედ დადგენილებებში.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის სხვა უწყებებისთვის გადაცემის საკითხი.  სოფელ ქვედა კვირიკეში მდებარე 5 ათას 332 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უნდა გადავიდეს და შემდგომ საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის სარგებლობაში გადაცემას მოხმარდეს.

რაც შეეხება ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N172-ის მიმდებარედ ათას  455 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს, მისი სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობის მიზნით განიხილება. საკრებულოს წევრებმა ოთხივე საკითხს მხარი დაუჭირეს.