05 სექ 2026
მოსკოვში, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავიდნენ. მათი ბორტი მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოში“ დაეშვა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
სახელმწიფო სააგენტო ТАСС-მა ამერიკელი სტუმრების დასახვედრად მომზადებული ავტოკოლონის ვიდეოკადრებიც გაავრცელა.. სააგენტოს ცნობით, ამერიკული სპეციალური თვითმფრინავი მაიამის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, ჰელსინკიში შუალედური დაშვება განახორციელა და შემდეგ რუსეთის მიმართულებით განაგრძო ფრენა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უიტკოფი და კუშნერი დღეს, 5 სექტემბერს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან. 6 სექტემბერს კი ისინი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევში ომის დასრულების წინადადებას ჩაიტანენ. მისი თქმით, არსებობს იდეა, თუ როგორ შეიძლება მშვიდობის მიღწევა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ სჯერა რუსეთის მხრიდან ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმის გეგმების არსებობის შესახებ. რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 2026 წლის 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 5 მარტს აბუ-დაბიში იყო დაგეგმილი, თუმცა ის ირანთან ომის დაწყების გამო გადაიდო.