ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად მოსკოვს აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლები ეწვივნენ

05 სექ 2026

ომის ხმაურში  დიპლომატიის კიდევ ერთი მცდელობა. ვაშინგტონის გზავნილი ამჯერადაც ოპტიმისტურია. ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად მოსკოვს აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლები  სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ეწვივნენ. ვიზიტს ფრონტზე გარკვეული სიჩუმე მალევე დაერთო. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, კიევი  რამდენიმე დღით რუსეთის თავზე საჰაერო იერიშებს შეაჩერებს.

კიევის მოწოდებას მოსკოვის პასუხიც მოჰყვა.. ვლადიმირ პუტინმა 72 საათით კიევზე საჰაერო იერიშების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის განმარტებით, პაუზა ამერიკელი წარმომადგენლების უკრაინაში ვიზიტის პერიოდში იმოქმედებს.  ამ ფონზე, მოსკოვი ვაშინგტონთან დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს. ცნობილია, რომ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს რუსეთის პრეზიდენტი თავად უმასპინძლებს. კრემლში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და კონკრეტულ ამერიკულ წინადადებებს რუსული მხარე პუტინთან შეხვედრის შემდეგ შეაფასებს.

კრემლის ფრთხილი განცხადებების ფონზე, ვაშინგტონის მოლოდინი გაცილებით კონკრეტულია.. ცეცხლის შეწყვეტის დროებითი პაუზა რეალურ სამშვიდობო პროცესად უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ ამერიკელი წარმომადგენლების მისია მოსკოვით არ სრულდება. რუსეთის პოზიციის მოსმენის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი კიევში გადაინაცვლებენ და მხარეების პოზიციების დაახლოებასა და ომის დასრულებისთვის მისაღები პირობების მოძიებას უკრაინის პრეზიდენტთან განიხილავენ. შანსებს აფასებს დონალდ ტრამპიც, ის პუტინისა და ზელენსკის პრინციპებზე საუბრობს, თუმცა მოლაპარაკებების  იმედს  აშშს პრეზიდენტი მაინც იტოვებს.

ამერიკელი წარმომადგენლები პუტინს დღეს შეხვდებიან, ხვალ კი მათი დიპლომატიური მისია უკვე კიევში გაგრძელდება. შეძლებს თუ არა ვაშინგტონი მოსკოვისა და კიევის პოზიციების დაახლოებას და დაასრულებს თუ არა ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს -   ამას უახლოესი დღეები აჩვენებს.