06 სექ 2026
ბლუზისა და სოულის მუსიკის ფონზე დასრულდა „გემოფესტის“ პირველი დღე ბათუმში. ძველ ბულვარში გამართული გასტრონომიული ფესტივალის სტუმრებისთვის კონცერტზე ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა Big Daddy Wilson-მა იმღერა.
მუსიკალური პროგრამის პარალელურად, ფესტივალზე სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიული ტრადიციების გაცნობისა და მრავალფეროვანი პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„გემოფესტზე“ წარმოდგენილია 16 კომპანია. მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო, გრილისა და ბარის ზონები. ფესტივალში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც. „გემოფესტი“ დღესაც გაგრძელდება.
სტუმრებს 15 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები და ფესტივალის სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთონ. გასტრონომიული ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. „გემოფესტი“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.